ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა კურიერში 11 აგვისტოს გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელშიც ბევრი უზუსტობა იყო დაშვებული, სკოლა „ინტელექტის“ ადმინისტრაციას სურს განაცხადოს შემდეგი:

  1. მთავრობას სკოლისთვის შენობა არ გადმოუცია, სკოლამ ეს შენობა მიიღო 49 წლით, საბაზრო ფასად, 2,8 მილიონ ლარად. თუ ტელეკომპანიას ამ ფულის წარმომავლობა აინტერესებს, არც ესაა საიდუმლო: შენობის შესაძენად სკოლამ ბანკში კრედიტი აიღო.
  2. ახალი შენობის შეძენის აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც სკოლის გარშემო ინტენსიური განაშენიანება დაიწყო, რომელიც, სამწუხაროდ, „რუსთავი 2“-მა „ვერ დაინახა“. თუმცა, ნებისმიერ მსურველს შეუძლის ნახოს, რომ სკოლის ძველ შენობიდან 100-150 მეტრის მოშორებით 3 16-20 სართულიანი კორპუსი შენდება და აშენდა. მშენებლობის შედეგად, შეიცვალა, მიწისქვეშა წყლების დინება, რაც სკოლის შენობა ავარიულ მდგომარეობაში ჩააყენა. ეს დასტურდება ჩვენს ხელთ არსებული სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით.
  3. სკოლა არ ფარტოვდება, 400-მდე ბავშვი სკოლის ძველ შენობაში ისედაც სწავლობდა.
  4. სკოლის ახალი შენობა 2015 წლიდან უფუნქციო იყო და სახელმწიფოს მისი შენახვა ყოველწლიურად ათასობით ლარი უჯდებოდა. სკოლისთვის შენობის გაყიდვით სახელმწიფომ არამხოლოდ სოლიდური თანხა მიიღო, არამედ სკოლის შენახვის ხარჯიც მოიშორა.
  5. აღსანიშნავია, რომ სკოლა „ინტელექტი“ 2008 წლიდან მუშაობს და ამ დროის განმავლობაში არც რუსულ პროპაგანდას ეწეოდა და არც რუსული „რბილი ძალის“ მექანიზმი იყო. სკოლაში სწავლება რუსულ ენაზე, საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. სკოლა განათლების სფეროში ქართული სახელმწიფოს ყველა მოთხოვნას ასრულებს, რაც დადასტურებული არაერთი გეგმიური თუ არაგეგმიური შემწმებით.
  6. რაც შეეხება სახელმძღვანელოებს, რომლებითაც თითქოსდა ჩვენს სკოლაში სწავლება მიმდინარეობს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მონიტორინგის შედეგად, ასეთი სახელმძღვანელოები არ გამოვლენილა და დადასტურდა, რომ სკოლაში სწავლება მხოლოდ გრიფირებული სახელმძღვანელოებით, განათლების სფეროში არსებული კანონმდებლობის სრული დაცვით მიმდინარეობს.
  7. ზოგიერთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაცია, თითქოსდა სკოლაში სწავლება რუსული სახელმძღვანელოებით მიმდინარეობს, არის სიცრუე, რაც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებით დასტურდება. სკოლას ქართიაში ასეთი არაკეთილსინდისიერი მედიასაშუალებების წინააღმდეგ საქმე აქვს მოგებული.
  8. სკოლა „ინტელექტი“ აქტიურად თანამშრომლობს სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან“, სკოლის მასწავლებელი კონკურსის „მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“ გამარჯვებულია.
  9. ტელეკომპანიამ არ დააფიქსირა განათლების სამინისტროს პოზიცია, რაც გასაგებია, რადგან განათლების სამინისტროს სკოლასთან არანაირი პრეტენზია არ აქვს და სიუჟეტის სპეციფიკაში ეს არ ჩაჯდებოდა.
  10. და ბოლოს, ქალბატონი ლაურა ძასოხოვა ნამდვილად არის სკოლის დამფუძნებელი, თუმცა არც ის და არც გოჩა ძასოხოვი სკოლის საქმიანობაში არ ერევიან და მათ სასწავლო პროცესთან არანაირი შეხება არ აქვთ.

და ბოლოს, სკოლა სრულიად აპოლიტიკურია, მისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება კატეგორიულად მიუღებელი და დასაგმობია.